ოქმებში ხარვეზებმა, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა - NDI
„შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა,“ - აღნიშნულია საპარლამენტო არჩევების შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებულ წინაწარ ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ და საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მეორე ტურის მზადების პროცესში, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ.


„საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვეს შედეგების ოქმებთან და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულ დარღვევებს. მათ დააფიქსირეს საარჩევნო უბნებს გარეთ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტები, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ხმების გაყალბების სავარაუდო შემთხვევები და საარჩევნო უბნების უმეტესობის გარეთ პარტიული კოორდინატორების და აქტივისტების ყოფნა, რაც დაშინების გარემოს ქმნიდა. “

ანგარიშში აღნიშნულია, რომ NDI-ს თან საუბრისას, ჩართული მხარეების უმრავლესობა პოზიტიურად აფასებდა ივნისსა და ივლისში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკანონმდებლო რეფორმებს, ამავე დროს აღნიშნავდნენ, რომ რიგი საკითხები გამოწვევად რჩებოდა.

„წინასაარჩევნო პროცედურების ადმინისტრირება ზოგადად შეფასდა როგორც კომპეტენტური, კანონთან შესაბამისი და გამჭვირვალე, თუმცა, პარტიული ნიშნით მიკერძოებულობა, განსაკუთრებით ქვედა დონის კომისიებში, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივი კრიტიკის საგანი იყო. მხარეების უმრავლესობამ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის მიღებული ზომები პოზიტიურად შეაფასა.“


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებული დაბალი საზოგადოებრივი ნდობა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო საჩივრების და გასაჩივრების პროცესების მიმართ უნდობლობას განაპირობებდა. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ფინანსური რესურსების დიდი უპირატესობა კამპანიისა და პარტიის დაფინანსების სისტემის სამართლიანობის შესახებ
არსებულ წუხილებს აძლიერებდა.
„მართალია კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობამ და თავდასხმების შემთხვევებმა იმატა. პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებმა და მედია გამოცემებმა კამპანიის პერიოდში ძალადობის და დაშინების მრავალი შემთხვევა დააფიქსირეს. ვრცელდებოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე, საკმაოდ ხშირი იყო ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე. საარჩევნო სისტემაში ცვლილებებმა ხელი შეუწყო არჩევნებში ახალი პარტიების მონაწილეობას, რომელთაგანაც რამდენიმემ საპარლამენტო მანდატები მოიპოვა. თუმცა, მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს სატელევიზიო გაშუქებაზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ. კამპანიის გზავნილები კონსტრუქციულ და განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებსა და გადაწყვეტილებებზე მეტად ოპონენტის კრიტიკაზე იყო ორიენტირებული.“


NDI-ის შეფასებით, საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როდესაც სავალდებულო გენდერული კვოტირების წესი შემოიღო.

რაც შეეხება მედიას, ორგანიზაცია ანგარიშში აღნბიშნავს, რომ მედია გარემო მრავალფეროვანი და ღიაა, თუმცა პოლიტიკურად პოლარიზებულია, რაც მიკერძოებულ
გაშუქებაში გამოიხატება და ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში უშლის ხელს.

როგორც ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში განმარტავენ, ორგანიზაცია გააგრძელებს საარჩევნო მოვლენების მონიტორინგს და
საჭიროების შემთხვევაში შემდგომ განცხადებებს გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის,covid-19 პანდემიის გამო, ინსტიტუტის მიერ არჩევნების დღის პროცესების ანალიზი ვირტუალურადგანხორციელდა. ანალიზი ეყრდნობა იმ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფების დასკვნებს, რომლებიც ადგილზე დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის, საუბარია სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე (სამართლიანი არჩევნები), რომელმაც არჩევნების რაოდენობრივი და თვისებრივი ასპექტების შესაფასებლად ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგია გამოიყენა.

კენჭისყრის დღის მანძილზე ინსტიტუტს ასევე მჭიდრო ვირტუალური კომუნიკაცია ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედიასთან.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / არჩევნები 2020 /