პატარძეულში წყლის სისტემის მშენებლობას 12 მილიონი ლარი მოხმარდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 16 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებად 32 თვე ექნება.

სოფლის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რის შემდეგაც  3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google