საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 1941 საჩივარი შევიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1941 საჩივარი შევიდა. მათ შორის 1272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, 564 კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს.

უწყების ინფორმაციით, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა.

რაც შეეხება ინფორმაციას შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით - საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დღეის მდგომარეობით, გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შეთხვევაში განცხადება/საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯამში, გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს.

უმეტეს შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით.

| Print |
FaceBook Twitter Google