„ღამე მუზეუმში“ ციფრულ ფორმატში ჩატარდება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 14-16 ნოემბერს, აქცია „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება.

აქციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. კერძოდ, გაიმართება ონლაინ გამოფენები, ვირტუალური და ლაივ ტურები, საგანმანათლებლო პროგრამების, კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ „ღამე მუზეუმში“ 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა. „ღამე მუზეუმში“ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაისში იმართება, თუმცა წელს, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციით, აქციის „ღამე მუზეუმში“ ჩატარების თარიღად 14-16 ნოემბერი განისაზღვრა.

| Print |
FaceBook Twitter Google