13 ნოემბერი 100 ათასი მოწამის ხსენების დღეა
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.

| Print |
FaceBook Twitter Google