როგორ იმართება ბინაზე COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 112-ზე დარეკვის შემდეგ კოვიდდადებითი პაციენტის საქმეს სადაზღვევო კომპანიის ან ოჯახის ექიმი იღებს, რომელიც პერიოდულად ონლაინ კონსულტაციებს აწვდის ინფიცირებულს.

ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი ვალდებულია: საქმის მიღებიდან არაუგვიანეს 10 წუთისა, 112-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, დაადასტუროს შესაბამისი საქმის მიღება; საქმის მიღებიდან არაუგვიანეს 1 საათისა, მაგრამ არაუგვიანეს იმავე დღის 00:00სთ-სა დაიწყოს სატელეფონო კონსულტაცია; ინიციატორებთან სატელეფონო კონსულტაციები განახორციელოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით; კონსულტაციის დროს პაციენტს მიაწოდოს მასთან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი ახორციელებს პაციენტის საწყის კლინიკურ შეფასებას და მდგომარეობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას: პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალიზაცია ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანა - ექიმი, სატელეფონო ზარის საშუალებით 112-ის ოპერატორს აცნობებს საქმის საიდენტიფიკაციო ნომერს, თარიღს, პაციენტის სახელსა და გვარს და ასევე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის საჭიროების მიზეზს; პაცინეტი ექვემდებარება ბინაზე მეთვალყურეობას - ინფორმაცია აღირიცხება 112-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშედეგო ფორმაში. ექიმის გადაწყვეტილებით ბინაზე მეთვალყურეობისთვის. 

დატოვებულ პაციენტებთან COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევაში შემდგომი სატელეფონო კომუნიკაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში: უსიმპტომო პაციენტისთვის დამადასტურებელი სინჯის აღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში; მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღისა და სიმპტომების ალაგებიდან დამატებით 3 უსიმპტომო დღის განმავლობაში.
სატელეფონო კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებში უნდა აისახოს 112-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშედეგო ფორმაში.

თუ დამატებითი სატელეფონო კომუნიკაციის შეთხვევაში გამოიკვეთება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობის საჭიროება, ოჯახის ექიმი ატყობინებს 112-ს აღნიშნული პაციენტის თაობაზე, რომლის საფუძველზე 112 უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობას. ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი მეთვალყურეობას უწევს ასევე, კოვიდ-დადებით პაციენტებს, რომლებიც კოვიდ-კლინიკიდან ან კოვიდსასტუმროდან ეწერება ბინაზე შემდგომი მეთვალყურეობისთვის გამოჯანმრთელებამდე. ასეთ შემთხვევაში, კოვიდ-კლინიკის ან კოვიდ-სასტუმროს ექიმი ატყობინებს 112-ის ოპერატორს, რომელიც თავის მხრივ საქმეს გადასცემს ონლაინ კონსულტაციებში ჩართულ დაწესებულებას/ექიმს შემდგომი რეაგირებისათვის.

| Print |
FaceBook Twitter Google