ე.წ სირცხვილის დერეფნების მოწყობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - კახა საბანაძე
21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა. 

საბანაძე გამოეხმაურა პოლიტიკური ჯგუფების მიერ საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას 

მისი განცხადებით,  სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

-"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 21 ნოემბერს, არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში,"- განაცხადა საბანაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google