კახეთში არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის 33 პროცენტი მივიდა
დღეს, არჩევნების მეორე ტურში, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სასურველი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, 51 785 ამომრჩეველი მივიდა , რაც საერთო რაოდენობის 33,72%-ია. პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში აქტივობა თითქმის ორჯერ იყო შემცირებული. პირველ ტურში აღნიშნულ ოლქში არჩევნებში სულ 91 376 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ანუ საერთო რაოდენობის 59,49 %.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

მისივე განცხადებით, დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

მე-10 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, სულ 153 576 ამომჩეველია. აღნიშნულ ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნება- დემოკატიული საქართველოს“ კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი უპირისპირდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მათი განდიდატის გვარი ბიულეტენში მაინც ეწერა.
| Print |
FaceBook Twitter Google