კახეთის კოვიდკლინიკებში მხოლოდ 7 პაციენტის მიღება შეუძლიათ
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, საგარეჯოში "ჯეო-ჰოსპიტალსი", ლაგოდეხში "არქიმედე" და თელავის ცენტრალური საავადმყოფო.

თელავის რეფერალური საავადმყოფო კი ჰიბრიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდპაციენტებთან ერთად სხვა პაციენტებსაც იღებს.

როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, დავით ჯიქიამ განუცხადა, მათ 59 კოვიდპაციენტის მკურნალობა შეუძლიათ, თუმცა ამ დროისთვის 52 საწოლი უკვე დაკავებულია.

ლაგოდეხის სტაციონარში 40 ადგილია და საწოლფონდი უკვე ამოიწურა. ხელმძღვანელის, ნუკრი ლომინაძის განცხადებით, დაინფიცირებული პაციენტების ნახევარი მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს, მათ 48 საწოლი აქვთ და აქაც ყველა დაკავებულია. როგორც ჩვენთან საუბარში ხელმძღვანელმა, ზურა საჩიშვილმა განაცხადა, საწოლფონდი გაფართოვდება და კვირის ბოლოსთვის კლინიკას ერთდროულად 80 პაციენტის მიღება შეეძლება. მისივე თქმით, კლინიკაში ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტია, რომელთაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 კოვიდ ადგილია, თუმცა პაციენტების სიმრავლის გამო საწოლები დაამატეს და ამ დროისთვის 26 ადამიანი მკურნალობს, ხელმძღვანელის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს მეტი პაციენტების მიღება ფიზიკურად აღარ შეუძლია.

როგორც აღმოჩნდა, ამ დორისთვის, კახეთის რეგიონში თავისუფალი საწოლები მხოლოდ საგარეჯოს ჯეო-ჰოსპიტალსს აქვს, სადაც მხოლოდ შვიდი თავისუფალი ადგილია.

არადა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ორი დღის წინ აცხადებდა, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, რა კატეგორიის პაციენტები არიან კლინიკებში განთავსებულნი. ასევე გავაკეთეთ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად, რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მის, როგორც რისკის მქონე პაციენტის სტატუსს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |
FaceBook Twitter Google