რა შემთხვევაში გადავლენ თვითიზოლაციაში უცხოეთიდან ჩამოსული პირები
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს არ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

მისივე თქმით, საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას.
„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქებას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ საკარანტინო სივრცეებში განთავსება. მოქალაქეებს, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება არ ექნებათ, სახელმწიფო ამით უზრუნველყოფს და კოვიდ-სასტუმროებში განათავსებს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google