თუ პირბადის ტარება 95% იქნება, საახალწლოდ მდგომარეობა შეიძლება დასტაბილურდეს - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების 76%-ს სიმპტომები აღენიშნება.
"რაც შეეხება ბოლო ორი კვირის მონაცემებს, ცოტა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისკენ მოდის. 33-34% გვქონდა და ახლა გვაქვს 28.9 %. თბილისში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევები, შემდეგ გადმოინაცვლა მყარად იმერეთმა, ზრდა გვაქვს ქვემო ქართლში, აჭარში ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების ოდენობა. დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება. ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით იდენტიფიცირებულია 81%. სიმპტომებიან პაციენტებზე სწრაფი ტესტისა და პისიარის დამთხვევა მაღალია. იმავე დღეს გამოვლენა და ამ ადამიანების სწრაფი იზოლირება არის კარგი წინაპირობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე უნდა გაიზარდოს.

-""კარგია, რომ  55%-დან 65%-მდე გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი, შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს, ხაზს ვუსვამ, 95%. 95% თუ გვექნა, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება ჩვენ დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა. მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის ყველაზე კარგი დღეს პრევენციული ღონისძიება, რომ თუ ვართ ინფიცირებული სხვას არ გადავდებთ, ან თუ სხვაა ინფიცირებული, შენ არ გადმოგედება ინფექცია",-განაცხადა გამყრელიძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google