საქართველოს მოქმედი მთავრობა დღეს პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მას შემდეგ მოიხსნის, რაც მეათე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილებას შეიძენს და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.
პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

| Print |
FaceBook Twitter Google