ცესკომ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა

კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოიხსნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).

აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა. საარჩევნო სიებში რჩებიან დეპუტატებად არჩეული წევრები, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს ცნო. სიის დანარჩენი წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ თუ დეპუტატებად არჩეული პირები მანდატებზე უარს იტყვიან, მათ ადგილმონაცვლედ პარლამენტში ვეღარავინ შევა.
ოპოზიციიდან პარლამენტის მანდატები მოიპოვა კიდევ სამმა საარჩევნო სუბიექტმა: „გირჩმა“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“.

| Print |
FaceBook Twitter Google