21 დეკემბრიდან „რემდესივირი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება -თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ 21 დეკემბრიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მისივე თქმით, პირველი საცდელი პარტია, 4 ათასი ფლაკონი საქართველოში უკვე შემოსულია.

„ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულია „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ახლა არის საბაჟო პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი, რათა ყველა კლინიკაში იყოს გამოყენებული იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც სჭირდება. თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთი, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება. „რემდესივირის“ გამოყენებისას სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ, რომელიც ძალიან დეტალურია. ის ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინებს და რეკომენდაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველამ იცის, რომ „რემდესივირზე“ არ არის ერთგვაროვანი შეხედულება“,-განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google