ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4633 პირის მიმართ დაიწყო - ირაკლი შოთაძე
გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებლი გაზრდილია.
ამის შესახებ შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2020 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით არის გაზრდილი პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოთხოვნილია 41% შემთხვევებში, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 19.2% შემთხვევებში. 2019 წელს 37%-ში იყო პატიმრობა მოთხოვნილი. წელს ეს ზრდა კი გამოწვეულია იმით, რომ გაზრდილია მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი ოჯახურ დანაშაულებებზე. ოჯახურ დანაშაულებებზე, არსიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. შესაბამისად, 2019 წელს სულ მოთხოვნილი პატიმრობიდან ოჯახურ დანაშაულზე მოდიოდა 38 %, ხოლო 2020 წელს 43.4%-ი. ამრიგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ოჯახურ დანაშაულებებზე მოთხოვნილი პატიმრობის პროცენტული მაჩვენებლი გაზრდილია 5.4 %-ით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა  4633 პირის მიმართ დაიწყო.

„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს - 111, ხოლო 2019 წელს - 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“, -განაცხადა შოთაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google