საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ- გახარია
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს გეგმა.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველია ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე, უნდა მომზადდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა მოსახლეობის ვაქცინაციის დასაწყებად მზად იყოს. მეორე საკითხია მიზნობრივი ჯგუფების წინასწარ განსაზღვრა, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდეგ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.
ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რამე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google