სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვასა და რეაბილიტაციაზე 30 მილიონი დაიხარჯება
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 30 მლნ ლარია გამოყოფილი. მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა უკვე დაამტკიცა, პროგრამის მიზანია, სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით ასე გამოიყურება:
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვისათვის გამოყოფილია 7,5 მლნ ლარი. ამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების აღჭურვის მიზნით გამოყოფილია 4 მლნ ლარი, ტელემედიცინისთვის განკუთვნილი აპარატურისთვის კი, 3,5 მლნ ლარი.

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების აღჭურვისა და სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით განსაზღვრულია 4,14 მლნ ლარი.
სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების რეაბილიტაცია/აღჭურვისათვის გამოყოფილია 13,518 მლნ ლარი;

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების (მუნიციპალიტეტების: ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) რეაბილიტაციას 3,904 მლნ ლარი მოხმარდება;

NordDRG Grouper - პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადისთვის გამოყოფილია 142 000 ლარი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადისთვის განსაზღვრულია 407 800 ლარი.
მთლიანობაში პროგრამის ადმინისტრირებისთვის თანხის მოცულობა 387 000 ლარით განისაზღვრება. დადგენილება უკვე ძალაშია და 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google