სასწავლო პროცესი სამი ქალაქის გარდა ყველგან საკლასო ოთახებში განახლდა
დღეიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

უწყების ცნობით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.Online.emis.ge.


| Print |
FaceBook Twitter Google