სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო
პირველი თებერვლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. პროცესი 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიწვევიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები დადგენილების ამოქმედების დღიდან (1 თებერვლიდან) ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. ხოლო მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

| Print |
FaceBook Twitter Google