მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან პირბადის ხმარება აუცილებელი უნდა იყოს- ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის თქმით,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებმა პირბადე ატარონ.

მან ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მკაცრ გაკონტროლებაზეც ისაუბრა.
„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში შიდა კონსულტაციები გვქონდა, ასევე ვესაუბრე განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე- რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით, სკოლაში პირბადის გამოყენების ვალდებულება აქვთ პედაგოგებს და სკოლის დანარჩენ პერსონალს. რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი ამ ვალდებულებისგან ჯერ-ჯერობით თავისუფლები არიან.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამ კვირაში კორონავირუსზე გატესტილია 10 000 სკოლის პადაგოგი და ინფიცირების მაჩვენებელი 0,3%-ია.

| Print |
FaceBook Twitter Google