მეხუთე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული.

„საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება. პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები, მათ შორის გეოგრაფიული თუ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას. “- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google