130 260 დოლარი, მიწის ნაკვეთები, 3 სახლი და ბინა - კახეთის გუბერნატორის ქონება
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პროფესიით იურისტი ირაკლი შიოშვილი გუშინ დაინიშნა. ის ამ დროდმე გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.
speqtri.ge გაგაცნობთ მის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც მიმდინარე წლის 20 იანვარსაა შევსებული.

შიოშვილმა სხვადასხვა წლებში მემკვიდრეობით მიიღო 7 მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, 2016 წელს კი ამავე სოფელში 2 მიწის ნაკვეთი შეიძინა. მისივე მფლობელობაშია 2020 წელს 1000 დოლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი ქალაქ თბილისში, ასევე მემკვიდრეობით მიღებულ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს თელავსა და თბილისში.

კახეთის გუბერნატორის საკუთრებაშია 3 სახლი ქალაქ თელავში, რომელიც მემკვიდრეობას წარმოადგენს. შიოშვილმა 2017 წელს 57 000 აშშ დოლარად შეიძინა 56.59 კვ.მ. ბინა თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის სახელზე ფიქსირდება 2015 წელს 98 000 ლარად ნაყიდი ტოიოტა ლენდ კრუიზერი. 2018 წელს შიოშვილის მეუღლემ 4 300 ა.შ.შ დოლარად შეიძინა ნისანის მარკის ავტომანქანა.

დეკლარაციის შევსების მომენტში შიოშვილის საბარათე ანგარიშებზე ირიცხებოდა 15 070 აშშ დოლარი, 290 ლარი და 100 ევრო.

შიოშვილს დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულის სახით გააჩნდა 130 260 აშშ დოლარი, საიდანაც 5000 დოლარი სახელფასო სარგოა, 122 960 მიწის ნაკვეთების რეალიზაციის თანხაა, ხოლო 2 300 დოლარი - ავტომობილის რეალიზაციის.

გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე შიოშვილის ხელფასმა 27 815 ლარი შეადგინა. ის 14 აგვისტომდე გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 15 აგვისტოდან ამ დრომდე კი გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google