საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
პირველი აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სამი თვის განმავლობაში გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად იმუშაონ. მოქალაქეები დასაქმებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზე შეძლებენ.

რეგისტრაციის გავლა 15 თებერვლიდან მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. შემდეგ პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

„სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.

| Print |
FaceBook Twitter Google