რას ნიშნავს რადიო "ივრისი“ იორმუღანლოს თემისთვის
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. თარიღის აღნიშვნის მიზანი იყო პატივის მიგება რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის.
დღეს საქართველოში 330-ზე მეტი რადიოსადგურია, ზოგი კი ინტერნეტის საშუალებით მაუწყებლობს. მათ შორისაა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მდებარე სათემო რადიო „ივრისი“, რომელიც FM სიხშირეზე გასვლისთვის 2016 წლიდან ლიცენზიას ელის.

„ივრისი“ ონლაინ პლატფორმაზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მაუწყებლობს. საზოგადოების ინფორმირების გარდა, რადიო „ივრისი“ ეს არის სივრცე, რომელიც ხელს უწყობს თემის მოსახლეობის ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. მის ბაზაზე იმართება ტრენინგები და შეხვედრები იორმუღანლოში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე.

-„კოლეგებს მინდა მივულოცო რადიოს მსოფლიო დღე, ვუსურვო წარმატებები, მრავალი მსმენელი და ის, რასაც თავისუფალი სიტყვის თქმის საშუალება ჰქვია. 2016 წელს იორმუღანლოს თემში გავხსენით სათემო რადიო. FM სიხშირე დღემდე არ მიგვიღია, მაგრამ ვცდილობთ ონლაინ, ინტერნეტის საშუალებით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე გარე მაუწყებლობის საშაულებით გავაცნოთ ის სიახლეები, რომელიც ჩვენს ეთერში ისმის. მინდა გითხრათ, რომ რადიოს აქვს უდიდესი მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირებისთვის, განსაკუთრებოთ ისეთი თემისთვის, რომელსაც სახელმწიფო ენის პრობლემა აქვს. ჩვენს სამუშაო ჯგუფს, ჩვენს რედაქციას მინდა ვუსურვო წარმატებები, ყველა მიზნის მიღწევა. პირველ რიგში ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად გვქონოდეს FM სიხშირე, რადგან სათემო რადიოს უპირველესი მიზანი ინფორმირებაა, შემდეგ კი თემის ჩართულობის ხელშეწყობა,“- ამბობს „ივრისის“ დამფუძნებელი და დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი.

რა მნიშვნელობა აქვს „ივრისს“ იორმუღანლოს თემისთვის ? - ეს კითხვა რადიოს აზერბაიჯანულენოვანი რედაქციის რედაქტორს თოზუ გულმამედოვას დავუსვით. მისი თქმით, დღეს თემში რადიოს არსებობის შესახებ ყველამ იცის.

-„იორმუღანლოს თემისთვის სათემო რადიო ძალაინ მნიშვნელოვანია ორი მარტივი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ჩვენს მოსახლეობას შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ქვეყანაში მომხდარი მოვლენების შესახებ მშობლიურ ენაზე, მეორე კი საკუთარი პრობლემების გაშუქება არის შესაძლებელი ქართულად და აზერბაიჯანულად. დღეს თემში თითქმის ყველამ იცის რადიოს შესახებ. ჩვენნაირი თემისთვის ზოგადად, რთულია სიახლის მიღება, მაგრამ ახლა უმრავლესობას მოსწონს რადიოს არსებობა,”- გვეუბნება თოზუ.

ცნობისთვის, სათემო რადიო „ივრისის“ დაარსების ინიციატივა მედიაგამოცემა „სპექტრთან“ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცენატს“ ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო". რადიო ონლაინ ფორმატში 2016 წლიდან მაუწყებლობს.

რადიოს ხელმძღვანელობამ მარეგულირებელ კომისიას ლიცენზიის მოთხოვნით სამჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. წელს კი შესაბამის დოკუმენტაციას კომისიაში კიდევ ერთხელ წარადგენენ, იმ იმედით, რომ რადიო ონლაინ ფორმატიდან სულ მალე FM სიხშირეზე გადავიდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google