გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე 53 274 ადამიანი დარეგისტრირდა
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე" 16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, 53 274 პირი დარეგისტრირდა.
მათგან  სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა ადამიანმა.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
• გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
• ფიზიკური ჯანმრთელობა;
• მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
• ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
• გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

აღსანიშნავია, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში.

მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.



| Print |
FaceBook Twitter Google