კვების ობიექტების შიდა სივრცეში შესაძლოა, ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანი დაჯდეს - ბექა ფერაძე
ვმსჯელობთ, რომ კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ერთ მაგიდასთან შეიძლება იყოს ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ღია სივრცეების გახსნის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ხორციელდება რეკომენდაციების დაცვა, თუმცა სოციალური ღონისძიებების გამართვის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები კვლავ ფიქსირდება ამ სექტორში. რესტორანი მიიჩნევა მაღალი რისკის შემცველ ობიექტად იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ობიექტზე სერვისის მიღების დროს პირბადის ტარება არ ხდება, ამასთან დაყოვნების რეჟიმი არის საკმაოდ მაღალი, რაც ზრდის ინფექციის გადაცემის რისკებს. ამიტომ, ჩვენ ვმსჯელობთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ერთ მაგიდასთან ადამიანთა რაოდენობა და თუ ეს იყო ექვსი ადამიანი, ახლა შეიძლება იყოს შიდა სივრცეში ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი ადამიანი. ეს იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ. ეს არის ის სიახლე, რომელზეც ჩვენ კიდევ გვაქვს მსჯელობა და პარასკევის შეხვედრაზე კიდევ დეტალურად გავაანალიზებთ ამ პროცესს.“-განაცხადა მან.

მისივე თქმით, კვების ობიექტებში რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება, რათა კვლავ შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო.



| Print |
FaceBook Twitter Google