პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა იმართება.
სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამას განიხილავენ.კომიტეტების წინაშე წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.

დღესვე, 15:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგში ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვაა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.

| Print |
FaceBook Twitter Google