ISFED-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
არასამთავრობო ორგანიზაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია.

ნინო დოლიძე  საჯარო პოლიტიკის მაგისტრია. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

ბოლო 8 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. არის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

2007-2011 წლებში  იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი. სხვადასხვა პოზიციებზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
| Print |
FaceBook Twitter Google