დავით სონღულაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია
ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდგომ ევროკავშირის განაცხადის გაკეთება იქნება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა თუ წინსვლისთვის - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

მისი განცხადებით, ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

„10 წლიანი გეგმის შემუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტი ვფიქრობ, ეკონომიკური ნაწილი იქნება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მუშაობაში, რათა ბიზნესს, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა, იმისთვის რომ, მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული პროგრამაში. ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რადგან ასეთი გეგმა კერძო სექტორს ფაქტობრივად აძლევს ხედვას როგორ ვითარდება ქვეყანა და აქედან გამომდინარე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ააწყონ საკუთარი განვითარების გეგმა,” - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა საინვესტიციო პოლიტიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც მისი თქმით, საჭირო იქნება საინვესტიციო წყაროების მუდმივი ანალიზი და კონკრეტული, ხშირად ინდივიდუალური გეგმების მომზადება კონკრეტული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
„ყურადღება მინდა გავამახვილო, საინვესტიციო პოლიტიკაზე. გლობალური ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა რომ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიზნესის კეთების სიმარტივე და ის სხვა მექანიზმები, რაც ჩვენ უკვე გვაქვს და რაც საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის მაღალ პოზიციებზეც აისახება, არ იქნება საკმარისი და ჩვენი ახალი მიდგომები უნდა გამოვიყენოთ, როგორც გარე ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე შიდა ინვესტირების სტიმულირებისთვის. ამ მხრივ საჭირო იქნება საინვესტიციო წყაროების მუდმივი ანალიზი და კონკრეტული, ხშირად ინდივიდუალური გეგმების მომზადება კონკრეტული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირითან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ქართულ ბიზნესს აქვს წვდომა 2 მილიარდზე მეტი მოსახლეობის ბაზართან და ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი,“ – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მიწის რეგისტრაციაა.
„მე წინა მოწვევის პარლამენტში მუშაობის დროსაც, როცა წარმოვადგენდი გურჯაანის მუნიციპალიტეტს და ახლაც, როცა წინასაარჩევნო პერიოდში მქონდა კომუნიკაცია და ვხვდებოდი კახეთის უკვე 4 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დავინახე, რომ რეგისტრაციის პრობლემა, როცა არსებობს მიწები, რომელთა სტატუსი გაურკვეველია, აფერხებს მიწის რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასაც. ხშირად გლეხები იყენებენ წლობით მიწებს, მაგრამ ვერ არეგისტრირებენ და ეს რა თქმა უნდა აძნელებს მათ სრულფასოვან გამოყენებას. აი, მაგალითად, რამდენიმე წელია დაწყებულია ვენახების კადასტრის შექმნის პროცესი, რომელიც ასევე სხავადასხვა მიზეზის გამო ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ისევ გვაქვს ვენახები, რომელსაც ფერმერები ვერ იყენებენ სრულად და გვრჩება ყურძენი, რომელიც არ არის ეკონომიკურ პროცესებში ჩართული. ეს დიდი პრობლემაა მთლიანად კახეთისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ მიწის რეგისტრაცია, რაც ასევე აღნიშნული იყო პროგრამაში და მათ შორის ვენახების კადასტრის პროცესის დასრულება არის მართლაც პრიორიტეტული და საჩქარო საკითხი, რაზეც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმუშაოს,“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის აქტიური წევრია, რომელიც 2019-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ხოლო ამჟამად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google