დავით სონღულაშვილი: რეფორმებისადმი ნდობის მაჩვენებლის გაზრდისა და პროცესის გაჯანსაღებისთვის, აუცილებელია საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა
„რა თქმა უნდა, პრობლემების დაძლევა მხოლოდ მთავრობისა და მხოლოდ ხელისუფლების საქმე ვერ იქნება და სწორედ, აქ არის საჭირო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობა, ამიტომ მზად ვარ რომ ყველა ფორმატი და ყველა პლატფორმა გამოვიყენო, რათა ვაწარმოოთ დიალოგი ეკონომიკური რეფორმების კუთხით, საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისა და მით უფრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მთლიანობაში გაზრდის რეფორმებისადმი ნდობის მაჩვენებელსაც და დაეხმარება პროცესის გაჯანსაღებას. ჩვენი კომიტეტიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პლატფორმა ასეთი ტიპის ჩართულობის უზრუნველყოფისა და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ რეფორმების ტემპი და ის სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯები, რაც მთავრობამ კრიზისის დაძლევისა და შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გადადგას, რომ რაღაცნაირად უნდა შეფერხდეს და გაიწელოს დისკუსიებში. არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. უბრალოდ, საზოგადოების მეტი ჩართულობა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატის გამოყენება, ჩემი აზრით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეფორმები შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართოს და მათში გათვალისწინებული იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფისა და მხარის ინტერესი“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდგომ ევროკავშირის განაცხადის გაკეთება იქნება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა თუ წინსვლისთვის. ევროკავშირთან დაახლოვება და ასოცირების პროცესი პროგრამის ძირითადი ლაიტმოტივი იყო და აქვე აღნიშნული იყო, რომ ეს პროცესი მოიცავს ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, რაც გულისხმობს გარკვეულ რეგულაციების შემოღებას ან დახვეწას, როგორც სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის, ისე სალიცენზიო საქმიანობის, შრომის კანონმდებლობის და სხვა მიმართულებებით. ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში, ამ რეფორმების გატარებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ რეგულირების გავლენის შეფასების ინსტრუმენტი, ე. წ RIA, რაც ნამდვილად თანამედროვე მიდგომაა ეკონომიკური რეფორმების გატარების მხრივ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრმა პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისზე და მისი დაძლევის გეგმაზე.
„მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მე, ეს პერიოდი ხშირად მქონდა შეხვედრები და მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მათთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, განამწყვეტი შეიძლება იყოს შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. 2021 წელი იქნება სწორედ გადამწყვეტი, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ, ამიტომაც ეს წელი აუცილებლად უნდა დაიგეგმოს სწორად, მიზანმიმართულად, ყველა საჭიროების განთვალისწინებით, რისკების მაქსიმალური დაზღვევითა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერით. პოსტპანდემიურ მსოფლიოში ინვესტიციების რესურსი კიდევ უფრო შეზღუდული იქნება, თუმცა ჩვენს ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ ახალი მიდგომების გამოყენებით, რაზეც იყო პროგრამაში საუბარი, ამ გამოწვევას შედარებით უფრო ადვილად გაუმკლავდეს და ჩვენ მოვიზიდოთ ის საჭირო ინვესტიციები, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იქნება. ამ პროცესში შეიძლება ასევე დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ჩართვაც და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ბიზნესების გამოყენებაც. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ალბათ ჩვენთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სწორედ შიდა და გარე ინვესტიციების მოცულობის ზრდაა,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა მცირე და საშუალო ბიზნესის მისამართით და აღნიშნა, რომ აღნიშნული სფერო არის ქვეყნის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელი.

„ყურადღება მინდა გავამახვილო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. ეს ყველამ იცის, რომ აღნიშნული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია. ასეთი ვითარებაა ჩვენთანაც, ამიტომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული მხარდაჭერის პროგრამები ამ მხრივ მისასალმებელია. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის კუთხით, უნიკალური პოზიციის მქონეა რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირითან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ქართულ ბიზნესს აქვს წვდომა 2 მილიარდზე მეტი მოსახლეობის ბაზართან და ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. ჩემი აზრით, ინტენსიური მუშაობა უნდა წარიმართოს იმ კუთხით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ფერმერებსა და აგროინდუსტრიის წარმომადგენლებს, მივცეთ მათ შესაბამისი ცოდნა და აღმოვუჩინოთ ტექნიკური მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ ავითვისოთ ეს ბაზრები. ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი იგრძნონ კონკრეტულმა მოქალაქეებმა და კონკრეტულმა ოჯახებმა. ამ ბაზრებზე გასვლა და იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, გულისხმობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას და ეს შემდეგ ჩვენს მომხმარებელზეც პოზიტიურად აისახება. საექსპორტო ბაზრების ათვისების მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად კი, მნიშვნელოვანი იქნება ასევე ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაადვილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ამაზეც უნდა იმუშაოს მთავრობამ ინტენსიურად,“ - განაცხადა დეპუტატმა.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის აქტიური წევრია, რომელიც 2019-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ხოლო ამჟამად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google