საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს
თბილისში კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან კარავები გაშალეს და უშუალოდ პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
შეკრებილები დაკავებულ ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google