დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეა
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.
მე-9 საუკუნეში ბიზანტიაში ხატმბრძოლობა მძვინარებდა. ნიკეის მახლობლად კი ცხოვრობდა კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ინახავდა. იმპერატორის გაგზავნილმა მხედრებმა ეს ხატიც იპოვეს. ერთ-ერთმა მხედარმა ღვთისმშობლის ხატს მახვილი დაარტყა. სასწაულებრივად ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მთელი ღამე ლოცულობდა. დილით კი, ღვთის განგებით, ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ საღამოს ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ბერები დაინტერესდნენ, საიდან მოდიოდა ეს ნათელი. ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ჰქონდა. მათი ყოველი მიახლოებისას კი ხატი ზღვის ნაპირს სცილდებოდა. იმ პერიოდში ივერთა მონასტერში ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი მოღვაწეობდა. ათონის მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ ხატის ზღვიდან გამოყვანების ღირსი მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო. ამასთან, დედა ღვთისა თავად ბერ გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა, რომ ზღვის ტალღებზე რწმენით შესულიყო და სავანისადმი მის სიყვარულს ყველა იხილავდა.

ბერი გაბრიელი ზღვის ტალღებზე შევიდა, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და ღვთისმშობლის წმინდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილზე, სადაც ხატი ზღვიდან გამოაბრძანეს, წყარომ ამოხეთქა. შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს, თუმცა, მეორე დღეს იგი ბერებს ადგილზე აღარ დახვდათ. ძებნის შემდეგ ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ასე რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ბერ გაბრიელს და უთხრა, რომ სურდა არა ბერებს დაეცვათ იგი, არამედ თავად ღვთისმშობელს გაეწია მათთვის მფარველობა. ბერებმა კარიბჭესთან პატარა ტაძარი ააგეს და ხატი შიგ დაასვენეს. ამიტომ, ხატს პორტაიტისა ანუ კარიბჭის, ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ეწოდება.

| Print |
FaceBook Twitter Google