სამ პიროვნებას ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე.

შემთხვევა გუშინ წყნეთის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google