ექთნის გარდაცვალების საკითხი შესაძლოა უცხოელმა ექსპერტებმაც შეისწავლონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესასწავლად საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ.
„თითოეული ამ ტიპის ფატალური გართულებისას, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, რომლის შესახებ ანგარიში იგზავნება. შვედეთში, უფსალაში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. როდესაც დასრულდება სრული გამოკვლევა, ეცნობება “ასტრაზენეკას“, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირელად მიდის მოკლე რეპორტი, შემდეგ კი უფრო გაფართოებული.არ არის გამორიცხული, მათი წარმომადგენლები ხშირად ჩადიან ხოლმე ადგილზე და ის სწავლობენ ყველა ნიუანსს იმიტომ, რომ კომპანიაც და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესებულია, ვითარება იყოს გარკვეული. ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესია “,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, 27 წლის ექთანს სავარაუდოდ ანაფილაქსიური რეაქცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა, იგი მეორე დღეს გარდაიცვალა. მოხდარზე დაწყებულია გამოძიება, პარალელურად სამედიცინო რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს. მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გაირკვევა.

| Print |
FaceBook Twitter Google