„სამართლიანი არჩევნების“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი რეგიონალურ წარმომადგენლებს შეხვდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე კახეთის რეგიონულ ოფისში, ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე იმის შესახებაც, თუ როგორ აპირებს ISFED საარჩევნო პროცესების გარდა, დემოკრატიულ დინამიკაზე დაკვირვების გაგრძელებას.
„ერთი თვეა უკვე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ვიკავებ. შესაბამისად, ვარ დაგეგმარების ეტაპზე, თუ როგორ გააგრძელებს ორგანიზაცია შემდეგში მუშაობას. შევხვდი როგორც რეგიონულ, ასევე რაიონულ წარმომადგენლებს კახეთის მასშტაბით. ვისაუბრეთ ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებზე, საარჩევნო რეფორმაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ჩვენი არასამთავრობოების როლზე მიმდინარე პროცესში. ვისაუბრეთ იმ საკითხზე თუ როგორ გააგრძელებს ორგანიზაცია მომავალში საარჩევნო მონიტორინგს. რადგან წელს დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, უფრო ადრიანად დავიწყოთ ამ ყველაფრის მონიტორინგი. ვნახოთ, უკვე რამდენად ხდება გავლენები ამომრჩევლებზე.“

შეგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, ნინო დოლიძე თებერვალში არჩიეს. ახალი ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აწ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 25 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მიზეზი ის იყო, რომ ორგანიზაციის გამგეობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

| Print |
FaceBook Twitter Google