უახლოეს პერიოდში საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს
ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას ელოდება, რომელიც ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მოლოდინის სიაშია და უახლოეს დღეებში მას უკვე ექნება ავტორიზაცია. ასევე გაგრძელდება „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდება. ეს არის „ასტრაზენეკას“ მომდევნო პარტია, რაც წინასწარი ინფორმაციით, უნდა მივიღოთ აპრილის ბოლომდე. ეს იქნება ვაქცინა, რომლითაც ჩვენ ვაქცინაციის მეორე დოზას ჩავატარებთ იმ პირებისთვის, ვინც მიმდინარე პრერიოდში იტარებს პირველ ვაქცინას. დროებს შორის ინტერვალი არის 8-დან 12 კვირამდე. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესაძლოა, ასევე მივიღოთ პირდაპირი გზით მოლაპარაკების შედეგად, თუმცა ამ დეტალებს მოგვიანებით კიდევ დავაზუსტებთ“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ხვალიდან იმუნიზაციის პროცესი ამერიკული „ფაიზერითაც“ გაგრძელდება. ქვეყანამ „ფაიზერის“ 14 500 დოზა გასულ კვირას მიიღო

| Print |
FaceBook Twitter Google