საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 82 წლის
გახდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი,
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31
მარტს თბილისში დაიბადა.
ის იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის
ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის
აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც 9 აპრილის სისხლიანი დარბევით
დასრულდა, რის შემდეგაც, როგორც აქციის ორგანიზატორი,
დააპატიმრეს.
მოგვიანებით მან შექმნა პოლიტიკური ბლოკი "მრგვალი მაგიდა -
თავისუფალი საქართველო". ბლოკმა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ
დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე კი ზვიად გამსახურდია
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ მოვალეობას ის 1991 წლის
მარტამდე ასრულებდა.
სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“,
აღადგინეს სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი.
დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991
წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
გამოაცხადა.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში იყო. 1993
წლის ოქტომბრის ბოლოს ის და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი
გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის
31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში
დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 1994 წლის
თებერვალში ის გროზნოში გადაასვენეს და დაკრძალეს. 2007 წლის 1 აპრილს
ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები