კახეთში ინტერმუნიციპალური ააიპი შეიქმნება
კახეთში ინტერმუნიციპალური ააიპი შეიქმნება, რის შემდეგაც გურჯაანში აშენებული ცხოველთა თავშესაფარი ფუნქციონირებას დაიწყებს.
საკითხი დღეს საკრებულოს მორიგ სესიაზე განიხილეს, რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან ხაზიურის განმარტებით, ინტერმუნიციპალური სააგენტო კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
„დღევანდელ სესიაზე მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა იმის თაობაზე, რომ დანარჩენ შვიდ მუნიციპალიტეტთან ერთად, დააარსოს მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის კახეთის სააგენტო, რომლის მიზნები და ამოცანები იქნება მიუსაფარ ცხოველთა საკითხების გადაწყვეტა. როდესაც შეიქმნება ააიპი, ამის შემდეგ ზუსტად გახდება ცნობილი თუ რა ფუნქციებს შეითავსებს. მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო მოიცავს რვავე მუნიციპალიტეტს. რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ერთ მუნიციპალიტეტს არ ექნებოდა მისი შექმნის საშუალება. ბაზა უკვე აშენებულია გურჯაანში.“

მისივე თქმით, ააიპის შექმნის შესახებ ვადებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია წელს უკვე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.

| Print |
FaceBook Twitter Google