ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის – გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში, ეროვნული გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას გამორიცხავენ. უწყების სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია აცხადებს, რომ გამოცდების ჩვეულ რეჟიმში ორგანიზებისთვის სამუშაოები დიდი ხანია დაწყებულია.

„ეს შესაძლებლობა გამორიცხულია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოცდების ჩატარების დროისთვის, ეპიდსიტუაცია ნორმალური იქნება. ცენტრი მუშაობს, ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვასრულებთ გამოცდებს და მეორე დღიდანვე უკვე ვიწყებთ ახალი გამოცდებისთვის მზადებას. მიმდინარეობს მეთვალყურე-კურატორთა ტრენინგები ონლაინ რეჟიმში. ჯგუფები მზად არიან იმისთვის, რომ დროულად ჩაბარდეს საგამოცდო ტესტები. ასე რომ, ცენტრი ყველანაირად მზად არის, იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ, ჩავატარებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდა და 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი -12 800-ზე მეტი კანდიდატი. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

| Print |
FaceBook Twitter Google