თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა.

ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა, გაიზარდა კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც.
„ მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩამოვარდნილი იყო 75%-დან, რაც იანვარში გვქონდა, 43%-ზე. ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, რომ აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კლასტერების გაჩენას წინ ხალხმრავალი შეკრებები - ქელეხები და ქორწილები უძღოდა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google