სოციალური დახმარების ქულების მინიჭების მეთოდი იცვლება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭებისას კრიტერიუმები ფართოვდება.

„დღეის მდგომარეობით მოქმედებს ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ყველაზე უკეთესად ხედავს ბავშვებს და ბავშვიან ოჯახებს და შეფასების მეთოდები, რომლებიც ახლა გამოყენებულია, არის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი კითხვარი, რომელსაც ავსებს მოწყვლადი ოჯახი და რომლის ფარგლებში ანგარიშდება მოწყვლადობის ქულა. ეს კრიტერიუმები, რომლითაც ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობა მოწყვლადობის მიხედვით ფასდება, არის 2015 წელს შემუშავებული მეთოდოლოგია და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა წლიდან-წლამდე იცვლება და ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდის შემდგომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ განვაახლოთ კრიტერიუმები ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, რომ უკეთ დავინახოთ მოწყვლადობა. თუ 2015 წელს მობილური ტელეფონი იყო კეთილდღეობის მეტ-ნაკლებად მაჩვენებელი, დღეს უკვე ეს აღარ არის მოწყვლადობის განმსაზღვრელი. ეს არის ერთი მარტივი მაგალითი. შესაბამისად, ეს არის ის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვაანალიზებთ და ამის მიხედვით იცვლება მოწყვლადობის კრიტერიუმები, რომ უკეთესად დავინახოთ მოწყვლადი მოსახლეობა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google