კახეთი „სუფთა რეგიონის“ ტიტულის მფლობელი მესამედ გახდა
„სუფთა რეგიონი-2020" ტიტულის მფლობელად ზედიზედ მესამედ კახეთის რეგიონი დასახელდა.
კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. წელს, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეხუთედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

„უკვე მესამე წელია კახეთი სუფთა რეგიონის ტიტულის მფლობელია. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სტატუსი, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ რეგიონში დასუფთავების სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში, შესრულება პირდაპირ კავშირშია ჩვენს რეგიონში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან და რეგიონის მიზიდულობის ზრდასთან. მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და დაფასებისათვის. მადლობას ვუხდი კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს გაწეული სამუშაოსთვის და მადლობას ვუხდი კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ვინც სამოქალაქო პასუხისმგებლობით ეკიდება რეგიონში სისუფთავის დაცვას. „გასამმაგებული" ენერგიით გავაგრძელებთ სუფთა რეგიონის ტიტულის მოპოვებისათვის მუშაობას" -აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა

| Print |
FaceBook Twitter Google