საკოორდინაციო საბჭომ ყველა მოქმედი შეზღუდვა ძალაში დატოვა
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ ყველა მოქმედი შეზღუდვა ძალაში დატოვა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგულაციების დაცვასა და მათ აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს.

„მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე. როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR-ტესტირების ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.
საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი აქტიური ტესტირება. ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ, მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორედ მოხმარება და დისტანციის დაცვა. ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google