სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მასშტაბით ხუთი აფთიაქი გამოავლინა.

აფთიაქებში უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

„5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე დააკავეს ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google