სოციალური მუშაკები და მასწავლებლები თამბაქოს კონტროლის საკითხებზე გადამზადდებიან
საქართველოს მთავრობამ 2021 – 2025 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მწეველი მოზარდების პრობლემაზეცაა საუბარი, 22 ივნისს გამოქვეყნდა.

სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყება და ამის აღმოსაფხვრელად გარკვეული ღონისძიებებიცაა დაგეგმილი. მათ შორის თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მასწავლებლების და სოციალური მუშაკების დატრენინგებაც.

„შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება. მოწევის დაწყების საშუალო ასაკი კაცებში 18.2 ხოლო ქალებში 21.3 წელია. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტის (the European School Survey Project on Alcohol and Other Drugs ‒ ESPAD) 2019 წლის შედეგების მიხედვით, 16 წლის სკოლის მოსწავლეების 12% რეგულარული მწეველია, 7% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, 5% ჩილიმს და 3% გახურებადი თამბაქოს ნაწარმს. 20.5%-მა სიგარეტი პირველად მოწია 13 წლის ან უმცროს ასაკში, ხოლო 2.5% ამ ასაკში უკვე ყოველდღიური მწეველი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე კვლევის 2015 წლის (NCDC , 2016) შედეგებთან შედარებით, სახეზეა დადებითი ტენდენცია. ახალგაზრდებში თამბაქოს გლობალური 2017 წლის კვლევის შედეგების (Global Youth Tobacco Survey ‒ GYTS) (NCDC, 2017) მიხედვით 13-15 წლის ასაკის მოზარდების 15.4% (20.6% ბიჭი, 9.6% გოგო) თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ამჟამინდელი მომხმარებელია. ამავე კვლევის მიხედვით, მოზარდთა 43.2% თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა სახლში, ხოლო 58.9% თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა დახურული ტიპის სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ვკითხულობთ მთავრობის დოკუმენტში.

ეროვნულ სტრატეგიაში განხილულია თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით აქამდე განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილების თუ ღონისძიებების შესახებ და საუბარია ასევე სამომავლო გეგმებზე, მათ შორის თამბაქოს კონტროლის საკითხებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების გადამზადებაზე.
2021-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ერთ ერთი მთავარი მიზანია არასრულწლოვნებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 1%-ითშემცირება; მოზრდილებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 2%-ით შემცირება; 2025 წლისთვის სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება ბავშვებში 10%-ით და მოზრდილებში 5%-ით.

| Print |
FaceBook Twitter Google