შსს “თბილისი პრაიდს” მოუწოდებს არ გამართონ ღირსების მარში
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google