მედიის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინეს
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი კიდევ 5 პირს წარედგინა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში არიან ბრალდებულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google