ევროპარლამენტარები “ოცნებას”გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გააუქმონ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

“ქართული ოცნების მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა საკუთარი მიზნები და შესაბამისად ლიმიტს მიაღწია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა გატარდეს და არა ეპიზოდურად.

ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი იმ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამავე დროს მივესალმებით იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და აგრძელებენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც”, – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google