30 ივლისი წმინდა მარინეს ხსენების დღეა
დღეს, წმინდა მარინეს ხსენების დღეა. საეკლესიო ცნობების მიხედვით, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო.

ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.

მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა.

ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფთრდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმინდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google