2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას გაივლის- მიხეილ ჩხენკელი
უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სკოლების ინტერნეტიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვაც დასრულებული იქნება.
„ზოგადი განათლების რეფორმის პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება“, – განაცხადა მან.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში დასრულდება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი და სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა.

ცნობისთვის, სკოლების ავტორიზაციის პროცესი არაერთხელ გადავადდა და 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდება. მიზეზად, სკოლების მიერ სტანდარტის დაუკმაყოფილებლობა სახელდება. თუმცა გამორიცხული არ არის, რამდენჯერმე გადადებული პროცესი, 2026-2027 წლამდეც არ დასრულდეს და ვადამ კვლავ გადაიწიოს.

| Print |
FaceBook Twitter Google